მიიღეთ ონლაინ სესხი ნებისმიერი მიზნისთვის ნებისმიერ დროს
მიიღეთ ონლაინ სესხი ნებისმიერი მიზნისთვის ნებისმიერ დროს
მიიღეთ ონლაინ სესხი ნებისმიერი მიზნისთვის ნებისმიერ დროს
მიიღეთ ონლაინ სესხი ნებისმიერი მიზნისთვის ნებისმიერ დროს

სესხის ხელშეკრულება

წინამდებარე სესხის ხელშეკრულება განსაზღვრავს სესხის მიღების, სარგებლობის და გადახდის პირობებს და არეგულირებს სესხით სარგებლობისას მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

მსესხებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას, სრულად შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და ეთანხმება მას.

 

1. სესხის ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინები და განმარტებები

წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაში და სესხის ხელშეკრულების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ გაფორმებულ სხვა დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:

ა) გამსესხებელი - შპს „ მისტერ ლოუნ.ჯი “, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი 405166975, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის მეორე მიკრო რაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი 1ა, ბინა 24, ელ. ფოსტა: info@mrloan.ge;

ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც სრულად გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას, გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეთანხმება მათ, სურს სესხის მიღება და გამსესხებელთან აფორმებს სესხის ხელშეკრულებას;

გ) მხარე - გამსესხებელი ან მსესხებელი;

დ) მხარეები - გამსესხებელი და მსესხებელი ერთობლივად;

ე) სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს. ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით;

ვ) სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სესხის მოთხოვნის შესახებ, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

თ) ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებული პირობების გაცნობისა და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

ი) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან;

კ) სესხი - სესხის ხელშეკურლების პირობების შესაბამისად, დაბრუნების, ფასიანობის და ვადიანობის საწყისებზე გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის გადაცემული თანხა;

ლ) სესხის თანხა - თანხა, რომელსაც გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს მის მიერ დადასტურებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით და რომელიც ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

მ) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ-გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით არის დადასტურებული;

ნ) სესხის მომსახურების საკომისიო (პროცენტი) - საკომისიო, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად; საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება სესხის თანხისა და ვადის მიხედვით, რომლის დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე;

ო) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია, საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

პ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, სხვა ასანაზღაურებელ ხარჯებს;

ჟ) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის სრულად უკან დაბრუნების ვალდებულება. მსესხებელი გამსესხებელს სესხის დაბრუნების ვადის ბოლოს ასევე უხდის სესხის მომსახურების საკომისიოს;

ტ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე;

უ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს რომელიმე კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

ფ) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

ქ) გამსესხებლის ვებ-გვერდი - ვებ-გვერდი www.mrloan.ge, რომლის საშუალებითაც მსესხებელს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადის სესხის მისაღებად, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს გამსესხებლის მიერ ნებადართული სხვა მოქმედება;

ღ) პერსონალური კოდი - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი,

რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის;

ყ) მესამე პირი - პირი, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეს;

შ) კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

ჩ) განაცხადის სწრაფი განხილვა - დამატებითი ნებაყოფლობითი მომსახურება, რომლის გამოყენების შემთხვევაში მსესხებელის განაცხადი განიხილება იმავე დღეს სამუშაო საათების განმავლობაში, ნაცვლად 7 დღისა.

ც) გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ შესაბამისი საკომისიოს გადახდის შემდეგ.

 

2. ზოგადი დებულებები

2.1. სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ბ) არის ქმედუნარიანი (შეუზღუდავი), არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად;

გ) მის მიერ განაცხადის შევსება ხდება ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან სხვა მესამე პირთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის თუ სხვა აკრძალული ქმედების გამოყენების გარეშე, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

დ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ე) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ვ) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ან სხვა ვადაგადაცილებულ ვალდებულებათა ბაზაში;

ზ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

თ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.

2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა, გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3. მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სესხის განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც დადგება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. გამსესხებელებს უფლება აქვს, ნებისმიერი კანონისმიერი საშუალებით გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორე.

2.4. მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში და მას აქვს ამ ანგარიშითა და მასზე არსებული ფულადი საშუალებებით სრული და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.

 

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებ-გვერდზე ელექტროულად ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მსესხებელი უთითებს მისთვის სასურველი სესხის ოდენობასა და ვადას. შესაბამისი ღილაკის მონიშვნით მსესხებელს შეუძლია ისარგებლოს განაცხადის სწრაფი განხილვის მომსახურებით. მობილურ ტელეფონზე მიღებული კოდის მითითებით, ისევე, როგორც სესხის განაცხადის შევსებით და ველის "ვადასტურებ, რომ გავეცანი იდენტიფიკაციის და ხელშეკრულების პირობებს და ვეთანხმები მათ" მონიშვნით, მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს ოფერტს ამ პირობებით სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ.

3.2. სესხის განაცხადის შევსების შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის გადამოწმების მიზნით მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის - 1 თეთრის - გადარიცხვას ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმებას.

3.3. იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

3.4. თუ გამსესხებელი უარს განაცხადებს მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე, მაშინ ითვლება, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.

3.5. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მსესხებელს, მის მიერ მითითებული მობილურ ტელეფონზე უგზავნის შეტყობინებას და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. სესხი გაცემულად ითვლება და წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ ნების გამოვლენის მომენტიდან;

3.6. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

3.7. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს სესხის მომსახურების საკომისიოს შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

3.8. მსესხებელს შესაძლებლობა აქვს შესაბამისი ველის მონიშვნით აირჩიოს განაცხადის სწრაფი განხილვა, რომლის ღირებულება შეადგენს ძირი თანხის 17%-ს.

 

4. სესხის გადახდის პირობები

4.1. გადახდა ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.2. გადახდა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.3. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარისა და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

4.4. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.5. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიო, სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის სესხის მომსახურების საკომისიოსა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება. მსესხებელი აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.6. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვას. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

4.7. მსესხებელი უფლებამოსილია, სესხი სრულად დაფაროს ვადის დადგომამდე. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და სესხის მომსახურების საკომისიოს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სესხის მომსახურების საკომისიო გადასახდელი იქნებოდა სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღისათვის.

 

5. სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილება

5.1. მსესხებელს აქვს გამსესხებლისათვის სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილების შეთავაზების უფლება 5 (ხუთი), 10 (ათი) და 20 (ოცი) დღის ვადით, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება.

5.2. სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილება შესაძლებელია მაქსიმუმ ხუთჯერ.

5.3. სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილება შესაძლებელია სესხის დაფარვის ვადის გადაცილებიდან 15 დღემდე ვადაში.

5.4. სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილებისთვის მსესხებელი იხდის სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილების საკომისიოს (საფასურს): 5 დღე - ძირი თანხის 5%, 10 დღე - ძირი თანხის 10%, 20 დღე - ძირი თანხის 20%.

5.5. სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილების სარგებლობისთვის მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის გადახდის დღიდან დარიცხული საკომისიოები და ჯარიმები. ამ შემთხვევაში სესხის გადახდის ახალი თარიღი აითვლება სესხის დაფარვის დღიდან.

5.6. მსესხებელმა შესაძლოა მოითხოვოს სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილება მიმდინარე სესხის ვადის გასვლამდე. ამისათვის მსესხებელი იხდის სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობითი ცვლილების საკომისიოს. ამ შემთხვევაში ახალი თარიღი აითვლება მიმდინარე სესხის დაფარვის დღიდან.

5.7. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობით ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.

5.8. სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობით ცვლილებაზე უარის შემთხვევაში სესხის გადახდის თარიღის ნებაყოფლობით ცვლილების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება დასაბრუნებელი თანხის ნაწილობრივ გადახდად, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.

 

6. სხვა სესხის მიღება

6.1. არსებული სესხის ბოლომდე დაფარვის შემდეგ მსესხებელს აქვს შესაძლებლობა გამსესხებლის ვებ-გვერდზე შეავსოს სესხის განაცხადი სხვა (ახალი) სესხის მიღების შესახებ.

6.2. ახალი სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სესხის განაცხადის შევსების დღეს ვებგვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდეგ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე სესხის ხელშეკრულების პირობები.

 

7. პასუხისმგებლობა, ფორს-მაჟორი

7.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად  შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

7.2. მსესხებელი ვალდებულია, შეასრულოს სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. მსესხებელი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამსესხებლისთვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება მსესხებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

7.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას და განაცხადის შევსებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდეგ.

7.4. სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს გადასახადი, მათ შორის, ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გრძელდება სესხის მომსახურების საკომისიოს (პროცენტის) დარიცხვა დავალიანების სრულ დაფარვამდე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ჯამურად შეადგენს ერთ დღეს, პირველივე დღეს მსესხებელს ერთჯერადად ეკისრება ჯარიმა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 10%.

7.5. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა), რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.

7.6. ფორს-მაჟორში მოიაზრება მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი საომარი მოქმედებანი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად. ფორს-მაჟორული მოვლენის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სახლმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

7.7. თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისგან.

7.8. შეუსრულებელ ვალდებულებაზე მსესხებელი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.9. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. ასეთი გრაფიკის შედგენის ერთჯერადი ღირებულება შეადგენს სესხის თანხის 25%-ს.

 

8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

8.1. მსესხებელი თანახმაა, რომ გამსესხებელმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, განათლება, ყოველთვიური შემოსავალი, მიმდინარე ან/და წარსულში აღებული სესხის/ვალდებულების მოცულობა, მისი შესრულება და სხვა მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მსესხებლის მიერ წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

8.2. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.

8.3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო და უვადო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

8.4. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ სესხის მომსახურების საკომისიოს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში - საარბიტრაჟო, სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

8.5. მსესხებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, გამსესხებლის მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) გამსესხებლისგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მსესხებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მსესხებლის შემდგომი თანხმობის გარეშე.

8.6. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ გამსესხებელმა მის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, სესხის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ა.შ. - დადგენა, სესხის განაცხადის შეფასება დადებითი ან უარყოფითი პასუხის დასადგენად), სესხის ლიმიტის დამტკიცების, სესხის თანხის გაცემის, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული, მისთვის აუცილებელი, მსესხებლის პერსონალური მონაცემები.

8.7. მსესხებელი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გამსესხებლის მიერ დამუშავების მიზნით მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან.

8.8. მსესხებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

8.9. მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო და უვადო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ სს "კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მსესხებლის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს "კრედიტინფო საქართველოს", რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს "კრედიტინფო საქართველოს" ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. სს "კრედიტინფო საქართველოს", რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით.

8.10. გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად უვადოდ მოიძიოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და სევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია სს "კრედიტინფო საქართველოს", მსესხებლის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებლო წარმოების შედეგს, აგრეთვე მსესხებლის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.

 

9. ხელშეკრულების შეწყვეტა გამსესხებლის ინიციატივით

9.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

ბ) გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;

გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

დ) მსესხებლი გახდა გადახდისუუნარო.

9.3. გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიოსა და, არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

 

10. შეტყობინება

10.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს: მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი საშუალებით.

10.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

10.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

10.4. მსესხებელი, ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

10.5. 10.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია, შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი, დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

10.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას სესხის თანხის, გადასახდელი სესხის მომსახურების საკომისიოს ან პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

10.7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

10.8. თუ გამსესხებელმა მსესხებელს მის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული გაფრთხილების წერილის გაგზავნის ხარჯი ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით წარმოადგენს ფიქსირებულ 15 (თხუთმეტ) ლარს, რომელსაც მსესხებელი უხდის გამსესხებელს.

 

11. უფლებამონაცვლეობა

11.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები (მოთხოვნები) ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

11.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

11.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

 

12. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

12.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.

12.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

 

13. დასკვნითი დებულებები

13.1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ სესხის დროულად დაფარვის ვალდებულებას, გამსესხებელი აქვს უპირობო უფლება მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს პრობლემური სესხების ამოღების კომპანიას, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის. მსესხებელი თანახმაა, რომ ვადაგადაცილებული სესხის თანხის ამოღების შემთხვევაში იგი დაფარავს ამოღების ხარჯებს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ინფორმაცია მსესხებლის შესახებ გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

13.2. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული სესხის ხელშეკრულება.

13.3. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების სამართლებრივ ძალაზე.

13.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა ხელშეკრულების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

13.5. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება გამსესხებლის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

13.6. გამსესხებლის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელების გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ გამსესხებელი უარს ამბობს თავის უფლებებზე. აგრეთვე, გამსესხებლის ნებისმიერი უფლების ნაწილობრივ ან სრულად გამოუყენებლობა არ ნიშნავს მომავალში ამ უფლების სრულად გამოყენების შეზღუდვას.

13.7. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება გამსესხებელს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

13.8. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მისამართი.

13.9. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.